English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი, ღირსეული პიროვნება პროფ. გიორგი მშვილდაძე - 9 0

თვალსაჩინო ქართველ მკვლევარს,  ამაგდარ პედაგოგს, მეცნიერების ნიჭიერ ორგანიზატორს,  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი მშვილდაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.  იგი იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, რომლებმაც  ნათელი კვალი დატოვეს ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისა  და მაღალკვალიფიციური ეკონომისტების  მომზადების საქმეში.

გიორგი მშვილდაძე  დაიბადა  1927  წლის 22  მარტს ბაღდათის რაიონის სოფ. მეორე ობჩაში. 1944  წელს, საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე,  ასევე პარალელურად სწავლობდა მოსკოვის  დაუსწრებელი  იურიდიული ინსტიტუტის  თბილისის ფილიალში.  ორივე სასწავლებლის დამთავრების  შემდეგ, 1949  წელს, მთავრობის  სპეციალური  გადაწყვეტილებით, იგი დაინიშნა აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის ფინანსთა  მინისტრის მოადგილედ, მთავარ კონტროლიორ-რევიზორად.

გიორგი მშვილდაძის უპირველესი მისწრფება  სამეცნიერო  და პედაგოგიური საქმიანობა  იყო. სწორედ ამ მიზნით იგი ჩაირიცხა  1950  წელს საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში,  1954 წელს კი წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა  კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად  და მალე დოცენტის წოდებაც  მიენიჭა.

წლების განმავლობაში  ბატონი გიორგი მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე: საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლის ლექტორად,  ცენტრალური  კომიტეტის მეცნიერების,  კულტურის და სკოლების განყოფილების ინსტრუქტორად,  სექტორის  გამგედ. 1961 წლიდან  გ. მშვილდაძე თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტის  თანამდებობაზეა.  1975  წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია  ეკონომიკური მეცნიერებათა  დოქტორის  ხარისხის მოსაპოვებლად და ერთი წლის შემდეგ მიენიჭა პროფესორის   წოდება. პროფ. გ.  მშვილდაძე  1978-1985 წლებში  ხელმძღვანელობდა   თსუ-ს  პოლიტიკური ეკონომიის კათედრას.  წლების მანძილზე იგი იყო თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მოსამზადებელი ფაკულტეტის  დეკანი.

უნივერსიტეტში მოღვაწეობასთან  ერთად იგი წარმატებით  საქმიანობდა სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციულ უმაღლეს  სასწავლებლებში  კათედრის გამგის, პროფესორ-კონსულტანტის, რექტორის მრჩევლის  და სხვ. თანამდებობებზე.  1995-1996 წლებში პროფ. გიორგი მშვილდაძე აირჩიეს ორი დარგობრივი მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად.

თავისი მოღვაწეობის  მანძილზე მას გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 10-ზე მეტი ცალკე წიგნადაა გამოცემული. პროფ. გ. მშვილდაძის სამეცნიერო  კვლევას  ძირითადად ორი მიმართულება ჰქონდა: დარგობრივი  ეკონომიკის პრობლემების  შესწავლა  და ეკონომიკური თეორიის საკითხების დამუშავება.  განსაკუთრებით  აღსანიშნავია  მეცნიერის წვლილი საქართველოს  ეროვნული სიმდიდრის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი  ელემენტის - ძირითადი ფონდების (კაპიტალის)  კვლავწარმოებისა  და ეფექტიანი გამოყენების კანონზომიერებათა   კომპლექსური  შესწავლის  საქმეში, რომელსაც მან სადოქტორო  დისერტაცია, 5 მონოგრაფია, ათეულობით სამეცნიერო  სტატია მიუძღვნა.  ეკონომიკური  თეორიის  სფეროში პროფ. გ. მშვილდაძეს  ეკუთვნის წარმოების საშუალებათა  წარმოების უპირატესი  ზრდის ეკონომიკური  კანონის შინაარსის ორიგინალური ინტერპრეტაცია  და საზოგადოებრივი წარმოების ეფეტიანობის ამაღლების, როგორც ეკონომიკური კანონის საინტერესო  დასაბუთება.

აღსანიშნავია ბატონი გიორგის მიერ შემუშავებული პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც შეეხებოდა ქ. ჭიათურის მარგანეცის ნედლეულის სახით გატანის  აკრძალვას  და ჭიათურის ზონაში ღარიბი ქანების გადასამუშავებელი მეორე ქარხნის აშენების ეკონომიკური ეფექტიანობის დასაბუთებას, საქართველოს ელექტროენერგეტიკის  მხოლოდ ჰიდრორესურსების გამოყენებით  განვითარების მიზანშეწონილობას და სხვა.

პედაგოგიური მოღვაწეობის  თითქმის 50  წლის მანძილზე იგი აქტიურად იყო ჩაბმული ასეულობით მაღალკვალიფიციური  სპეციალისტის მომზადებაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით  მომზადებული და დაცული იქნა 20-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო  დისერტაცია.  თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პროფ. გიორგი მშვილდაძე იყო სამეცნიერო  ხარისხების მიმნიჭებელი სხვადასხვა საბჭოს აქტიური წევრი.

ბატონი გიორგი  ყოველთვის გამოირჩეოდა  პრინციპულობითა და ობიექტურობით. ვერ ეგუებოდა ადამიანების უპასუხისმგებლობას, სიზარმაცეს,  მოუწესრიგებლობას;  იყო სიმართლის პირში მთქმელი ადამიანი, რაც მისი შინაგანი ბუნებიდან  მომდინარეობდა   და არასდროს უღალატია თავისი  პრინციპებისთვის.

პროფ. გიორგი მშვილდაძის ნაყოფიერი  მოღვაწეობა  უნვერსიტეტში არაერთხელ აღნიშნულა ხელმძღვანელობის  მიერ: დაჯილდოებული იყო ივ. ჯავახიშვილის ორი მედლით, საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით  მიღებული ჰქონდა ღირსების ორდენი და სხვა.

ჩვენი მასწავლებლის,  უფროსი კოლეგის და მეგობრის, თავისი  ქვეყნის გულმხურვალე  პატრიოტის,   ნიჭიერი  მეცნიერის, ახალგაზრდების  აღმზრდელის პროფ. გიორგი მშვილდაძის სახელი დიდხანს დარჩება  იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია.

 აკად. ვლადიმერ პაპავა,

აკად. ავთანდილ სილაგაძე,

პროფ. თეიმურაზ ბერიძე,

პროფ. რევაზ გველესიანი,

პროფ. რევაზ გოგოხია,

პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი,

პროფ. ნუგზარ პაიჭაძე,

პროფ. მიხეილ ჯიბუტი